რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

საქართველო - ლატვია 1:0

ორშაბათი, 10.09.2018

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლატვიას დაუპირისპირდა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ეროვნული გუნდის შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ნაკრებს საშინაო მატჩი მოაგებინა. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის საწყისი ორივე შეხვედრა მოიგო და მოპოვებული 6 ქულით დ ზონის პირველ ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. 

ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა და მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა. 

ვლადიმირ ვაისი: „რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, მაგრამ როდესაც ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვი ქულების მოპოვება ადვილი არ არის, სამი ქულით ბედნიერი ვარ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მეტოქე პრაქტიკულად მთელი გუნდით იცავდა თავს და ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა. თუმცა ჩვენ ვიბრძოლეთ და წარმატება დავიმსახურეთ. გატანილი პენალტის გარდა რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და მომავალში ასეთი შანსები უნდა გამოვიყენოთ.

ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ფიზიკურ მონაცემებზე უნდა იმუშაონ. სასტარტო შემადგენლობის 3-4 ფეხბურთელი 100 პროცენტით მზად არ იყო იმის გამო, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სამი კვირის შემდეგ, მომდევნო შეხვედრებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით. დღევანდელი თამაშისთვის ჩემს მოთამაშეებს მსურს მადლობა გადავუხადო, ყველა მათგანმა ბოლომდე იბრძოლა, ჩვენ შედეგზე ვითამაშეთ და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ.

მადლობა ყველა გულშემატკივარს, ლატვიასთან 50 ათასმდე ქომაგი მოვიდა, ეს ადასტურებს რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ.“

საქართველო - ლატვია 1:0

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (90’ ხოჭოლავა), ოქრიაშვილი (80’ გვილია), ჩაკვეტაძე (85’ პაპუნაშვილი), კაჭარავა, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, კიტეიშვილი, აბურჯანია, შერგელაშვილი, მერებაშვილი, ტაბიძე, ჯიღაური, მჭედლიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი (78’ სავალნიეკსი), ფერტოვსი, კარაშაუსკასი, ისაიევსი, ლუკიანოვსი (80’ რაკელსი), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (72’ შაბალა)

სათადარიგო შემადგენლობა: იკსტენსი, შტეინბორსი, სოლოვიოვსი, იკაუნიეკსი, ვიშნაკოვსი, ტორესი, ულდრიკისი

მთავარი მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი

მსაჯები: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი), ტრიფონ პეტროპულოსი (საბერძნეთი), იორდანის აპტოსოღლუ (საბერძნეთი), აგელოს ევანგელუ (საბერძნეთი), პრაქსიტელის ზაქარიადისი (საბერძნეთი), ილიას ალექსეასი (საბერძნეთი)

გაფრთხილება: 48’ ვანინსი, 62’ ისაიევსი, 68’ კარაშაუსკსი, 90+2’ კანკავა

გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77) (პენ.)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას 13 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე, ანდორის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.