რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გაგრა გახდა

შაბათი, 25.08.2018

24 აგვისტოს, სპორტ-კომპლექსარენა 2-შიფუტსალში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შესარჩევი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს გაგრა და დინამო სოხუმი დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო მატჩი გაგრელთა გამარჯვებით 5:4 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულსა და ვერცხლის პრიზიორს კუთვნილი მედლები და თასები გადაეცათ.

შესარჩევი ტურნირისა და სამომავლო გეგმების შესახებ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და 19-წლამდე ნაკრების კანდიდატმა ნიკა ხარატიშვილმა ისაუბრეს:

ავთანდილ ასათიანი -უპირველესად ვულოცავ ყველას, რომ ამ საქმეს საძირკველი ჩაეყარა და მუშაობა დავიწყეთ. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენ მოთამაშეს მოვინიშნავდი მომავალი შეკრებისთვის. მოგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში 19-წლამდე ნაკრების პირველ შეკრებას ვგეგმავთ. ტურნირის მონაწილე 8 გუნდიდან მშვენიერი ბიჭები ავარჩიეთ, ყველას პირადად გავესაუბრე და თითოეული მათგანი ბედნიერია, რომ საქართველოს სახელით თამაშის შანსი მიეცემა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ფეხბურთის ფედერაცია აქტიურადაა ჩართული ყველაფერში და მხარს გვიჭერს. იმედი მაქვს, უეფა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მოგვცემს და ეს ნამდვილად ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ამ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის.“

ნიკა ხარატიშვილი -აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ჩემთვის და თითოეული მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 19-წლამდე ფეხბურთელებისთვის მართლაც ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა. ვულოცავ ნაკრებში აყვანილ ყველა მოთამაშეს და იმედი მაქვს მომავალში საქართველოს სახელს ღირსეულად დავიცავთ.“

ფუტსალში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შესარჩევი ტურნირი 20-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ბასკის, გაგრას, გრანდის 2002-ის, გიფას, დინამო სოხუმის, ვინერსის, ფორვარდისა და გაგრა 2-ის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის გუნდები იღებდნენ.

შერჩეული მოთამაშეები პირველ შეკრებას სექტემბრის დასაწყისში გაივლიან და სამომავლო ტურნირებისთვის მოემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წელს გასამართი, ფუტსალის ისტორიაში პირველი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა და ამის თაობაზე უეფას ოფიციალურად მიმართა.