რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. აქტივაციისათვის იხილეთ ელ. ფოსტა

21:05 06.03.2016

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებული კურსი დაიწყო

სამშაბათი, 07.08.2018

7 აგვისტოს, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებული კურსი დაიწყო. ახალი სისტემით სასწავლო კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მწვრთნელებს ლიცენზირების პროცესში 4 ტუტორი დაეხმარებათ. კურსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და  ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ქართული ფეხბურთის განვითარებაში მწვრთნელთა როლზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს.

პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საუბრისას ყურადღება საუკეთესო თერთმეტეულის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეზე - მწვრთნელებზე გაამახვილა და დეტალურად აუხსნა კურსის მონაწილეებს, თუ რა როლი აქვთ თითოეულ მათგანს ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის შექმნილი გუნდის წარმატებაში.

"მწვრთნელებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავთ. მსურს ავღნიშნო, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტში "მომავლის 11" მწვრთნელებს თავისი ადგილი აქვთ, როგორც უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს, რადგან ეს "მოთამაშე" ქართული ფეხბურთის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. ვულოცავ დღევანდელი კურსის მონაწილეებს და წარმატებას ვუსურვებ მათ მომავალ საქმიანობაში" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებულ კურსს ამ ეტაპზე 20 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის. მსმენელებს ერთწლიანი სასწავლო კურსის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას ერთ-ერთი უმაღლესი სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.

დავით დიღმელაშვილი - კურსის მონაწილე: "ფეხბურთელობა და მწვრთნელობა ბუნებრივია განსხვავდება ერთმანეთისგან. ფეხბურთელობისას უშუალოდ შენ ხარ მოედანზე საქმის გამკეთებელი, მწვრთნელობის შემთხვევაში კი, ყველაფერს მოედნის გარედან გეგმავ და აკონტროლებ. ძალიან კარგია, რომ სათანადო განათლების მიღების საშუალება გვეძლევა. ბუნებრივია აქ მიღებულ ცოდნას ჩვენს ფეხბურთელებს გადავცემთ და დავეხმარებით მათ განვითარებაში."

ჯემალ მახარაშვილი - ტუტორი: "სწავლების ახალი მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთან დაინერგა. ჩვენი როგორც ტუტორების მთავარი მოვალეობა სასწავლო პროცესში მწვრთნელების დახმარებაა. ვფიქრობ, რომ სწავლების ასეთი მეთოდი დადებით შედეგს მოგვცემს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მწვრთნელებმა საფეხბურთო ცოდნა აიმაღლონ და შემდგომში საკუთარ ფეხბურთელებს გადასცენ."